სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
2016-07-13 13 ივლისის ტელეკომპანია ,,თანამგზავრის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს თელავის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელი, მაგული ჭარბაძე, რომლის მეუღლე და ახლო ნათესავები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 6 ივლისს, თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის ბრძანებით, მაგული ჭარბაძე ქალაქ თელავის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებიდან გაათავისუფლეს, სადაც ის 2008 წლიდან მუშაობდა. მაგული ჭარბაძის ადვოკატის, გიორგი სიბაშვილის თქმით, ჭარბაძე ქალაქის მერის მოადგილე ლევან ლილუაშვილმა 5 ივლისს დაიბარა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, თუმცა მან განცხადება არ დაწერა. მაგული ჭარბაძე სამსახურიდან გათავისუფლებას მისი მეუღლისა და მეუღლის ძმების პოლიტიკური საქმიანობას უკავშირებს. კერძოდ, მისი მეუღლის ძმები, ზურაბ და მამუკა ჭარბაძეები 2003 წლიდან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრები არიან და 1 ივლისს თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციასაც ესწრებოდნენ. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში მითითებულია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 93-ე მუხლი და 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რაც სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას გულისხმობს, თუ მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომა უკვე მოქმედებდა. გიორგი სიბაშვილის თქმით, მისი კლიენტის წინააღმდეგ დისციპლინური სახდელი - საყვედური 2015 წლის 25 დეკემბერს იქნა გამოყენებული და მას შემდეგ მაგული ჭარბაძის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება არ მიმდინარეობდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე