ძალადობრივი ფაქტები
2016-07-03 3 ივლისს, სარფში აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან მხარდამჭერები და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დახვდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია `კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის` ხელმძღვანელმა, მერაბ ღოღობერიძემ ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლა, რასაც ლევან ვარშალომიძის მხარდამჭერების მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები, რომლებმაც ინციდენტის შემდეგ მერაბ ღოღობერიძე დააკავეს. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის თანახმად, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს, ღოღობერიძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. ამავე ფაქტზე 7 ივლისს წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით ხელვაჩაურის და ქედის საკრებულოს წევრების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ - ქენან კახიძის და ბაქარ ბარამიძის, ასევე აქტივისტის ზაზა ტარიელაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მათი სამართალდარღვევა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებით დაუსაბუთებლად მიიჩნია და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მათი წევრების მიმართ რამდენიმე დღის დაგვიანებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საქმის აღძვრა შეაფასეს, როგორც პარტიაზე პოლიტიკური ნიშნით დაშინების და ზეწოლის მცდელობა. ისინი მიიჩნევენ, რომ პროტესტი, რომელიც მერაბ ღოღობერიძის მიერ ვარშალომიძისათვის ფეხსაცმელის სროლას მოჰყვა, იყო ბუნებრივი რეაქცია მათი მხარდამჭერების მხრიდან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე