ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2016-07-18 18 ივლისს აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიასთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო. ხელშეკრულების მიხედვით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2017-2020 წლებში სოციალური სახლების პროგრამის განხორციელების ვალდებულებას იღებს. პროგრამით განსაზღვრულია 40 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რაც ჯამში 2800 ბინას გულისხმობს. ხელშეკრულებით, ბინების გადაცემა 3 კატეგორიის მოსახლეობისთვისაა გათვლილი: 1. ზემომთიანი აჭარის ეროზირებული ზონების I და II კატეგორიის დაზარალებულები; 2. ბათუმში ბარაკებსა და ავარიული საცხოვრებელი ფართების მობინადრეები; 3. ე. წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები. პროექტი 120 მილიონი ლარის ღირებულებისაა და ვარშალომიძის განცხადებით, მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით განხორციელდება,9 თუმცა დაფინანსების წყარო ხელშეკრულებაში მითითებული არაა. პრობლემურია ამომრჩეველთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმების ფაქტი, ვინაიდან ამომრჩეველმა შესაძლოა აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არა ნების დაფიქსირებად, არამედ მომავალში უფლების წარმოშობის სავალდებულო წინაპირობად აღიქვას. აღნიშნული ქმედება ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ნეგატიურ ფორმას წარმოადგენს, რადგან ხელმოწერით დადასტურებულმა ინდივიდუალურმა ხელშეკრულებამ შესაძლოა ამომრჩეველში გააჩინოს კონკრეტული პარტიის ან კადიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემის ვალდებულების განცდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტის დასადგენად მოკვლევა უკვე დაიწყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე