ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი თელავში
2016-08-04 თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის სააქტო დარბაზში, 4 აგვისტოს 12 სთ-ზე პოლიტიკური მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ ორგანიზებითა და დაფინანსებით, დაგეგმილი იყო თელავის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარება. დარბაზში იმყოფებოდა დაახლოებით 30-35 ადამიანი. ყრილობის გასაპროტესტებლად სამუსიკო სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის“ მიერ ორგანიზებულ კონტრ-აქციაზე შეკრებილი იყო ადგილობრივი მოსახლება. კონტრ-აქციას ორგანიზებას უწევდა გირჩის თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი ტორესა მოსი (ვახტანგ მოსიაშვილი). კონტრ-აქციის მიზანი იყო „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერებისათვის არ მიეცათ დამფუძნებელი ყრილობის ჩატარების საშუალება და პროტესტი გამოეხატათ მათი პრორუსული პოლიტიკის მიმართ. კონტრ-აქციას შეუერთდა სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოსთვის“ თელავის ორგანიზაციის ლიდერი თამარ ლამაზოშვილი თავის მომხრეებთან ერთად და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი თავის მომხრეებთან ერთად. ასევე „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის“ პოზიცია გაიზიარა თელავში მოქმედმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც. ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დარბაზში შესვლა ითხოვა მოქალაქე რომან ქევხიშვილმა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ იმ მომენტისთვის იქ იმყოფებოდა როგორც რიგითი მოქალაქე. ყრილობის ორგანიზატორებმა, კერძოდ კომუნისტური პარტიის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ფიფიამ, მას არ მისცა დარბაზში შესვლის ნება და ამის მიზეზად დაასახელა მაისური, რომელიც რომან ქევხიშვილს ეცვა. მაისურზე დატანილი იყო წითლად გადახაზული საბჭოთა სიმბოლიკა (ნამგალი და ურო) და წარწერა პუტინის მისამართით. ქევხიშვილი ამბობდა, რომ მას ქონდა კონსტიტუციური უფლება დასწრებოდა შეხვედრას და დაჟინებით მოითხოვდა შესვლას, რაზეც თემურ ფიფიამ მას ფიზიკური შეურაცხყოფით უპასუხა და სახეში ხელი გაარტყა. ამის შემდეგ დაიწყო შეხლა შემოხლა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე