არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში
2016-08-29 29 აგვისტოს, 17 საათზე, სოფელ მელაანში პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრას არაუფლებამოსილი პირები, N35-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ანზორ დათუაშვილი, მერი მესხიშვილი, ქეთევან დათუაშვილი, ასევე გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მელაანში გოჩა მესხიშვილი ესწრებოდნენ. ამავე დღეს, 18 საათზე, პ/გ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატის, დავით სონღულაშვილის ამომრჩეველთან შეხვედრას სოფელ ჩალაუბანში გურჯაანის N34-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ზაალ საგინაშვილი და დიანა ნათიძე ესწრებოდნენ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ნიშნებს. კერძოდ, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა, საქართველოს ორგანული კანონის ,,საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირებისა, რომელთა შორის ასევე არიან საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ მოსაზრებების გავრცელება. საარჩევნო ადმინისტრაციის, კერძოდ კი N34-ე და N35-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების პ/გ „ქართული ოცნების“ კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობით, დაირღვა ,,საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლით დადგენილი შეზღუდვა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან ფაქტებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ გურჯაანის საოლქო კომისიას საჩივრით მიმართა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე