საუბნო კომისიების პროფესიული წევრების შერჩევის პროცესის ინციდენტები მარტვილში
2018-11-01 10 სექტემბერს, მარტვილის ოლქში ენმ-დან საოლქო კომისიის წევრის მიერ კონკურსანტებთან გასაუბრება შეხლა-შემოხლის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. გასაუბრების დაწყებისთანავე, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა შექმნეს დაძაბული გარემო და ხმამაღლა მიუთითებდნენ აღნიშნული გასაუბრების უაზრობაზე. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადა, რომ გასაუბრების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს, თუმცა გასაუბრებაზე მხოლოდ 8 კონკურსანტი გამოცხადდა. მათგან მხოლოდ ოთხი შევიდა გასაუბრების ოთახში, ხოლო დანარჩენებმა დატოვეს კომისიის შენობა, მას შემდეგ რაც ნახეს, რომ შექმნილი იყო კონფლიქტური გარემო. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები გასაუბრებაზე მოსულ კონკურსანტებს ხაზგასმით მიუთითებდნენ, რომ ეს გასაუბრება იყო მხოლოდ და მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ინიციატივა და თუ არ სურდათ გასაუბრება, შეეძლოთ უარი ეთქვათ. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, ფაქტობრივად, არ მისცეს გასაუბრების ჩატარებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა. კონკურსანტებისათვის დასმულ ყოველ შეკითხვას თან სდევდა მათი კომენტარი და კრიტიკა, რომ ეს კითხვები არავითარ ინფორმაციას არ იძლეოდა კანდიდატის უნარების და გამოცდილების შესახებ, და რომ საერთოდ შეურაცხყოფა იყო ასეთი კითხვების დასმა. შესაბამისად, გასაუბრება საოლქო საარჩევნო კომისიის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელსა და კომისიის სხვა წევრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლემიკაში აქტიურად იყო ჩართული კომისიის თავმჯდომარეც. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან არაერთხელ მიუთითა კომისიის წევრებს, რომ მიეცათ მისთვის კითხვების დასმის და გასაუბრების ჩატარების შესაძლებლობა, თუმცა უშედეგოდ. გასაუბრებაზე შემოსული ოთხი ადამიანიდან, პირველმა კონკურსანტმა პროტესტის ნიშნად დატოვა ოთახი და ღიად მიუთითა საოლქო კომისიაში ცესკოს მიერ დანიშნულ დროებით წევრს, ეკატერინე წოწონავს, რომ ის ხელს უშლიდა გასაუბრების ჩატარებას. წოწონავამ რამდენჯერმე გაუმეორა კანდიდატს, ნამდვილად სურდა თუ არა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთან გასაუბრება, რაზეც გასაუბრებაზე მოსული კანდიდატი გაღიზიანდა, და აღნიშნა, რომ სურვილის არ ქონის შემთხვევაში იგი არც მოვიდოდა გასაუბრებაზე, რასაც მოჰყვა კომისიის წევრსა და მას შორის დაძაბული საუბარი. ამის შემდეგ კანდიდატმა დატოვა გასაუბრების ოთახი. გასაუბრებაზე მოსულ მეორე კანდიდატთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სირცხვილი იყო ასეთი გამოცდილების მქონე ადამიანისათვის საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით კითხვების დასმა, რასაც ასევე მოჰყვა პოლემიკა და კამათი კომისიის წევრებს შორის. გასაუბრებაზე მოსულმა სხვა კონკურსანტებმა უარი განაცხადეს გასაუბრებაზე, მას შემდეგ, რაც კომისიის წევრებმა არაერთხელ გაუმეორეს, რომ ეს იყო მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ინიციატივა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე