სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის ფაქტები
2020-07-09 7 მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხულიგნობის ბრალდებით 2 პირი -ელდარ ანთაძე და რეზო წულუკიძე დააკავეს. დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები ბათუმში პერმანენტულად აწყობენ აქციებს და აცხადებენ, რომ ამ პირების დაკავება უსამართლოა. 15 ივნისს გამართულ აქციაზე, დაკავებული რეზო წულუკიძის ძმამ - მოჭიდავე ფირუზ წულუკიძემ განაცხადა, რომ მისი ძმის დაკავებამდე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის - თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ, სპორტსმენები შეკრიბა და კონსპირაციულად შეხვდა პოლიციის განყოფილებაში, აჭარის პოლიციის უფროსის თანდასწრებით, სადაც მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დახმარება სთხოვა. სანაცვლოდ, კი, ფინანსურ სარგებელს და ბიზნეს საქმიანობაში ხელშეწყობას დაჰპირდა. მისივე თქმით, ხელისუფლებას არჩევნების დღეს მოსახლეობის მობილიზაციისა და დაშინებისთვის ფიზიკურად ჯანმრთელი და ძლიერი სპორტსმენები სჭირდება, რათა ამომრჩევლებმა მხარი „ქართულ ოცნებას" დაუჭირონ. ფირუზ წულუკიძის თქმით, უარის შემდეგ რიჟვაძემ სამაგიერო ძმის დასჯით გადაუხადა. აღნიშნული ინფორმაცია, დაკავებული რეზო წულუკიძის ძმამ, მოჭიდავე ფირუზ წულუკიძემ ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელთან საუბარში დაადასტურა. მოგვიანებით, ფირუზ წულუკიძემ გაასაჯაროვა 19 და 24 მარტის საბანკო ამონაწერები, რომლის მიხედვითაც, დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის მეუღლეებს საბანკო ანგარიშზე დაერიცხათ 2000-2000 ლარი, როგორც სოციალური დახმარება იმის სამტკიცებლად, რომ დავით რიჟვაძესა და სპორტსმენებს შორის არაფორმალური გარიგება შედგა. გამოცემა ნეტგაზეთი - ბათუმელების ინფორმაციით, აჭარის მთავრობამ გაასაჯაროვა 16 მარტის წერილები, რომლითაც დაკავებულების მეუღლეები თავად ითხოვენ სოციალურ დახმარებას, ორივე წერილი შედგენილია ერთ დღეს და წერილში ორივე დახმარებისთვის 2000-2000 ლარს ითხოვს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე