სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა
2020-07-30 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 30 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ დეპუტატს საკრებულოში, ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა, რადგან იგი, ექვსი თვის განმავლობაში, საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა. საკრებულომ საპატიო მიზეზად არ ჩათვალა თავდგირიძის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობა ფორმა 100, რომლითაც დგინდება, რომ მას მესამე სტადიის სიმსივნე აქვს, გადიოდა მკურნალობის კურსს და მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, ფორმა 100 ფარატინა ქაღალდია და არასაკმარისია. დეპუტატს, ასევე, უნდა წარმოედგინა ბიულეტენი და სხვა სამედიცინო დოკუმენტები. „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან საუბრისას, საკრებულოს იურისტმა ვერ დააკონკრეტა, რა დოკუმენტაციის წარდგენა ევალებოდა თავდგირიძეს. ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ქრისტიან - დემოკრატები”-ის თავმჯდომარე მიხეილ ბოლქვაძე, ფაქტს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ უმრავლესობას ფრაქციის დაშლა სურდა (ფრაქცია 3 წევრისგან შედგებოდა და დეპუტატის დათხოვნის შემდეგ დაიშალა). „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 6 თვის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის არ მიღება, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია (მუხ.: 43.1.ე), გაცდენის მიზეზს საკრებულოს შესაბამისი კომისია, საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს (მუხ.: 43.5). ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, არკვევს გაცდენის მიზეზს. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა, კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს (მუხ.: 8.5). შესაბამისად, კანონმდებლობა არ ადგენს გაცდენის მიზეზის გამოსაკვლევად კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, იგი ყოველ კონკეტულ შემთხვევაში, საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს. ამ შემთხვევაში, ფორმა 100, და პირის ახსნა-განმარტება საპატიო მიზეზად უნდა ჩათვლილიყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე