სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა
2020-07-30 30 ივლისს, ქობულეთის მერიასთან აქცია გაიმართა, რომელიც ხუცუბანში, მუხაესტატესა და ბუკნარში არსებული სასმელი წყლის პრობლემას ეხებოდა. აქციის ორგანიზატორის ელენე ჩხარტიშვილის ცნობით, ფეისბუქ გვერდზე აქციის დაანონსების შემდეგ, მას დაუკავშირდნენ თანასოფლელი, მერთან დაახლოებული პირები და სთხოვეს მერთან შეხვედრა მოსახლეობის გარეშე, მარტო, სოფლის ცენტრში, ღამის საათებში. ეს შეხვედრა შედგა და წყლის პრობლემაზე ისაუბრეს, თუმცა მერთან დაახლოებულმა პირებმა ელენეს გადასცეს, რომ მერის მოწონება დაიმსახურა და აქციის არ გამართვის სანაცვლოდ საკუთარი კანდიდატურა წარედგინა და თვითმმართველობაში დაასაქმებდნენ. ამაზე უარის მიღების მეორე დღეს უცნობი პირები ფარული ნომრით ელენეს დედას დაუკავშირდნენ და მუქარის შემცველი ტექსტით ესაუბრნენ, რომ სანამ დრო იყო გაეჩუმებინა მისი შვილი, რომ უნდა ეშინოდეს, რადგან სტუდენტია და მომავალი დაენგრევა. ელენე ჩხარტიშვილის თქმით, თემის მოსახლეობაც დააშინეს, რის გამოც შემდეგ აქციაში მონაწილეობა აღარ მიიღეს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ „სამართლიანი არჩევნების” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. სოფელ ბუკნარში მერის რწმუნებულმა გიორგი ქებულაძემ ზემოაღწერილი შეხვედრა დაადასტურა, თუმცა ღამით შეხვედრა იმით ახსნა, რომ მერი მეორე დღეს მიდიოდა დაგეგმილ სამუშაო შეხვედრაზე და ფაქტს უყურადღებოდ ვერ დატოვებდა. გიორგი ქებულაძე დაშინების ფაქტს გამორიცხავს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე