მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა
2020-09-09 29 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, პანკისის სათემო რადიო „WAY“- ის წინააღმდეგ, „როდი სკოტის ფონდის" ხელმძღვანელის ლია მარგოშვილის ორგანიზებით, აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები პანკისის სათემო რადიოს სტუდიის დარბევით დაემუქრნენ და დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისგან პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარის თქმა მოითხოვეს. რადიოს ინფორმაციით, მისი და ფონდის ოფისები ერთ შენობაშია, რომლის შესყიდვა ამ უკანასკნელს სურს. რადიოს მიერ, შენობის შესაძლო პრივატიზების საკითხზე ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ, ახმეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა „როდის სკოტის ფონდის“ ხელმძღვანელს უთხრა, რომ შენობას ვეღარ მისცემდნენ და ურჩია აქცია მოეწყო, ხალხი შეეკრიბა და შენობის გადაცემა მოეთხოვა. რადიოს ცნობით, ლია მარგოშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი და საარჩევნოდ, მათი წარმომადგენელია დუისის უბანზე და აქცია ახმეტის მერიის ხელმძღვანელი პირებისა და სუს-ის წარმომადგენლების დავალებით გამართა. რადიოს წარმომადგენლები ამას მიუკერძებელ მუშაობას და ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულ გაშუქებას უკავშირებენ. მათი ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობდნენ: „როდი სკოტის ფონდის“ არასრულწლოვანი მოსწავლეები, მათი მშობლები, იმ ახალგაზრდების ახლობლები, რომლებმაც ქუჩაში შორტებით გასვლის გამო, ყვარელწყალში მამა-შვილს სცემეს, აგრეთვე, ახმეტის საკრებულოს წევრები პანკისის სოფლებიდან, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის დუისის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები, დუისის საჯარო სკოლის რამდენიმე პედაგოგი, ხეობაში მოქმედი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სამი-ოთხი თანამშრომელი და სუს-ის თანამშრომლების ოჯახის წევრები. საკრებულოს წევრებმა აქციაზე გამომსვლელების ძალადობის შემცველი მოწოდებები საჯაროდ არ გააპროტესტეს. ლია მარგოშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან განაცხადა, რომ მას აქვს თავისი არგუმენტები და ზეწოლა და მუქარა გელა მთივლიშვილის და რადიოს მიმართ არ განუხორციელებია, რადგან ბრიტანული ფონდის ხელმძღვანელობა მსგავს ქმედებას პოზიტიურად არ შეაფასებს და, ასევე, მუნიციპალიტეტის მერისგანაც მიიღო შენიშვნა იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში აქციის გამართვა არავისთვის არის ხელსაყრელი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე