სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკა წინასაარჩევნო კამპანიაში
2020-09-09 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, „პატრიოტთა ალიანსმა“, ბათუმი-სარფის მაგისტრალზე, განათავსა სარეკლამო ბანერი, სადაც პარტიის დასახელების, მისი ლიდერების და საარჩევნო ნომრის გვერდით, გამოსახული იყო საქართველოს რუკა, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ა/რ-ასა და ცხინვალის რეგიონთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიად, ასევე, მონიშნული იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, ხოლო ოკუპანტად მითითებული იყო თურქეთი, რაც, მიუთითებს პარტიის განზრახვაზე, პროვოკაციული ფორმით, საქართველოსთვის რუსეთის თანაბარ მტრად წარმოაჩინოს თურქეთი და გააღვივოს მტრული განწყობები ამ უკანასკნელის მიმართ. პ/გ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე სახელწოდებით - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (Page ID 1804396213176893), განთავსებულ პოლიტიკურ რეკლამებს შორის ექვსი შეიცავს ანტი-თურქულ მოწოდებებს, ასევე რელიგიური და ეთნიკური შუღლის გაღვივების ნიშნებს და მიზნად ისახავს, თურქეთის სახელმწიფოს მიმართ, საქართველოს მოქალაქეებში მტრული განწყობების შექმნასა და განმტკიცებას. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით, თუმცა, ამავე ნორმის თანახმად, საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. „სამართლიანმა არჩევნებმა“ უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აღნიშნული ვიდეო რგოლების შესწავლისა და სათანადო რეაგირების მოთხოვნით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე