ფიზიკური ძალადობა
2020-10-23 29 სექტემბერს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქცია გაიმართა. პარტია აპროტესტებდა საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომების გამართვას მათი წარმომადგენლების ინფორმირების გარეშე. აქციას მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნების" მხარდამჭერებთან. დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ აქტივისტები და საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი. პროცესში ჩართული იყო მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე. მთავარი არხის ჟურნალისტმა, ჯეიხუნ მუჰამედალიმ, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს დაუსვა კითხვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა და ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავდნენ „მთავარი არხის" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ჟურნალისტი და ორი ოპერატორი. დაზიანდა ტელეკომპანიების აპარატურა. „სამართლიანმა არჩევნებმა" დაგმო ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს უმოკლეს ვადებში გამოიძიონ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტი.  
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება ძალადობის და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო.
ცესკოს განცხადებით, კომუნიკაცია ყველა წევრთან ხორციელდებოდა მათ მიერ განცხადებებში მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე. რამდენიმე კომისიის წევრი არ გამოცხადდა სხდომაზე ხოლო რამდენიმესთან ვერ მოხერხდა დაკავშირება. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დანიშნულმა 26-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა საუბნო საარჩევნო კომისიების შესაბამის სხდომებში. ასევე, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის აქტი, პირველი სხდომების მოწვევისთანავე, საჯაროდ იყო გამოქვეყნებული საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში, თვალსაჩინო ადგილას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს. ბრალდებულებს 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.



ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე