სააგიტაციო მასალის დაზიანება
2020-10-27
სააგიტაციო მასალები ზიანდება პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით. დაზიანებულია როგორც ოპოზიციის ისე, მმართველი პარტიის პლაკატები. ასეთ შემთხვევებზე კონკრეტული პასუხისმგებელი პირების გამოვლენა, როგორც წესი, რთულია. შესაბამისად, დამრღვევთა უმრავლესობა დაუსჯელი რჩება.
„ლელოს" გურჯაანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ედიშერაშვილის ინფორმაციით, 13 ოქტომბერს, გვიან ღამით, მან დააფიქსირა სამ კაციანი ჯგუფი, რომლებიც აზიანებდნენ ოპოზიციონერი კანდიდატების სააგიტაციო მასალას. მათ შორის, ამოიცნო, გურჯაანის კულტურის სახლის ტექნიკური ჯგუფის მენეჯერი სერგო შახნაზაროვი. ედიშერაშვილმა კამერა ჩართო და ცდილობდა სახეების დაფიქსირებას, თუმცა ისინი გაიქცნენ. მეორე დღეს, იგივე ადგილას შახნზაროვი ცდილობდა „ლელოს" დაზიანებულ პლაკატებზე „ქართული ოცნების" პლაკატის გადაკვრას. გიორგი ედიშერაშვილის მტკიცებით, ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს კულტურის სახლის ხელმძღვანელი ვალერი შოშიაშვილი. ვალერი შოშიაშვილი უარყოფს ამ ფაქტთან რაიმე კავშირს. „ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა ლერი გელენავამ „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უთხრა, რომ ამ ინციდენტის შესახებ არაფერი იცოდა და გმობს ასეთ საქციელს, იგი ყველას აფრთხილებს რომ პასუხი მკაცრად მოეთხოვებათ მსგავსი ქმედებისთვის. დამკვირვებელი ელაპარაკა სერგო შახნაზაროვსაც, რომელმაც უარყო ასეთი ფაქტი. მან განმიმარტა, რომ შეიძლება იმ დროს გაიარა იმ დგილზე, სადაც უცნობი პირები ამგვარ ქმედებას სჩადიოდნენ და ამ დროს დააფიქსირეს, ამიტომ შეცდომით ისიც დამნაშავედ აღიქვეს.
აღსანიშნავია, რომ რიგ ოლქებში, სააგიტაციო მასალისთვის გამოყოფილი ადგილები, ძირითადად, „ქართულ ოცნებას" აქვს დაკავებული, მაგალითად, ბორჯომში. შუახევში „ევროპული საქართველოს" და „ქართული ოცნების" პლაკატები იმდენად მრავლადაა, რომ ადგილი აღარაა სხვა პარტიების პლაკატებისათვის. ლეიბორისტული პარტიის განცხადებით, ახმეტის თვითმმართველობის ორგანოების მიერ სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის გამოყოფილ ადგილებზე ამ ეტაპისთვის მათი სააგიტაციო მასალის ადგილი არ არის. ანალოგიური პრეტენზია გამოთქვა ლაგოდეხში, „ლელოს" ადგილობრივმა ორგანიზაციამ.
ნაძალადევში პ/გ „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ”-ის მაჟორიტარობის კანდიდატის - ლია მუხაშავრიას თქმით, სააგიტაციო მასალის გასაკრავად დათმობილი ადგილები ამ ეტაპზე მთლიანად დაკავებული აქვს იმ პარტიებს, რომელთაც უკვე ჰქონდათ რიგითი ნომრები და მეტი ფინანსური სახსრები. მათ სააგიტაციო პლაკატების დაბეჭდვა და გაკვრა მოახერხეს სხვებზე ადრე და დაიკავეს არა გარკვეული ნაწილი, არამედ მთლიანი სივრცე, რომელზეც კანონით დაშვებულია სააგიტაციო მასალის გაკვრა. ხოლო იმ პარტიებისთვის, რომლებიც ელოდებოდნენ რიგითი ნომრის მინიჭებას და ფინანსების მოძიებას სააგიტაციო მასალის დასაბეჭდად, ფაქტობრივად არ დარჩა ადგილი. მისი აზრით, უნდა არსებობდეს ქვოტები და შეზღუდვა პლაკატების რაოდენობაზე, რათა ამ მხრივ ყველა პარტია იმყოფებოდეს თანაბარ მდგომარეობაში.
ოპოზიციას მსგავსი შენიშნები აქვს არაერთ ოლქში, ამთ შორის თერჯოლასა და ქუთაისშიც.
ხშირად პოლიტიკური სუბიექტების პლაკატები გაკრულია ისეთ ადგილებში, რომელიც არ არის საამისოდ გამოყოფილი, ან მეტიც, აკრძალულ სიაშია. ტყიბულში, ქალაქის ცენტრში „საპატიო დაფის" სტენდზე, გაკრულია სხვადასხვა პარტიის დეპუტატობის კანდიდატების სააგიტაციო მასალა. საკრებულოს 2020 წლის 31 აგვისტოს N48 55 განკარგულებით, ყოფილი „საპატიო დაფა" - რუსთაველის ქუჩა N1 სახლის მიმდებარე ტერიტორია - შესულია იმ ჩამონათვალში, სადაც აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება.
ხაშურში „ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა კოჟორიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირველმა მიმართა ბილბორდის დასაკავებლად ,,ალმას" წარმომადგენლებს, უარი მიიღო და შემდეგ იმავე ბილბორდზე ,,ქართული ოცნების" კანდიდატის ზაალ დუგლაძის პლაკატი განთავსდა.
ასევე, ძალიან ხშირია კონკურენტი პარტიისა და კანდიდატის სააგიტაციო მასალის გადაფარვის ფაქტები სხვა სუბიექტების მიერ. დამრღვევი პირების გამოვლენა ვერ ხდება. მაგალითად, ხაშურში, სადაც „ლელოს" კანდიდატის კახა კოჟორიძის პლაკატებზე გადაკრული იყო ზაზა დუგლაძის სააგიტაციო მასალა, მიმართეს პოლიციას, თუმცა სააგიტაციო მასალის დაზიანება გრძელდება. ხშირად, პოლიციას საერთოდ არ მიმართავენ, რადგან დამრღვევის იდენტიფიცირება რთულია.
პარტიების წარმომადგენლთა ცნობით, სააგიტაციო მასალა უმთავრესად ზიანდება არასრულწლოვანებისგან, რიგ შემთხვევებში, უფროსების დავალებით. ზესტაფონში, გიგი წერეთლის შეხვედრის მიმდინარეობისას, დაახლოებით 10-11 წლის ბავშვმა ჩამოხსნა გიგი წერეთელის საარჩევნო პლაკატი. კანდიდატმა დაუძახა და ჰკითხა თუ რატომ გააკეთა ეს, მან უპასუხა „ასე მითხრეს აქ ჩამოხსენი და იქ გააკარიო".
ოპოზიციის წარმომადგენლები მიუთითებენ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არათანასწორ, შერჩევით მიდგომაზე. ახალციხეში, პატრიოტთა ალიანსს პლაკატები გაკრული ქონდა ხეებსა და დენის ბოძებზე ასევე, ტრანსპორტის მოსაცდელ შენობაზე. აღნიშნულ ადგილას პლაკატები გაკრული ქონდა ასევე „სტრატეგია აღმაშენებელს". ისინი პლაკატების გაკვრისას, მერიის წარმომადგენელმა 50 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული პარტიის წარმომადგენელი ქეთევან კურტანიძე შერჩევით სამართალზე საუბრობს, რადგან მხოლოდ მისი პარტია დააჯარიმეს და „პატრიოტთა ალიანსის" პლაკატებზე მერიას რეაგირება არ მოუხდენია.
„ლეიბორისტული პარტიის" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მამუკა ჯუღელის განცხადებით, მათ არ მისცეს საშუალება საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმდებარედ, გარე განათების ბოძებზე გაეკრათ პლაკატები, უთხრეს რომ ეს კანონით აკრძალულია. თუმცა, პარტიის აქტივისტებმა აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ, გარე განათების ბოძებზე, აღმოაჩინეს „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პლაკატები. მათ გამოიძახეს პატრული, რომელმაც განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით უკვე შესულია განცხადება და მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება რეაგირება, თუმცა მამუკა ჯუღელის თქმით, ეს პლაკატები არ ჩამოუხსნიათ.
ქობულეთის ცენტრალურ სტადიონზე სარეკლამო პლაკატების გაკვრისათვის, ზედამხედველობის სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო" დააჯარიმა. ენმ-ის წევრმა მამუკა კომახიძემ „სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელს განუცხადა, რომ სანამ ენმ-ს სარეკლამო პლაკატები გაეკვრებოდა, იქ „ქართული ოცნების" და სხვა პარტიების პლაკატები უკვე გაკრული იყო. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბარში, დაჯარიმების ფაქტი დაადასტურა ქობულეთის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, მინდია რომანაძემ. მისი თქმით, ადგილზე მისულებს, „ქართული ოცნების" პლაკატები არ უნახავთ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე