სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება
2016-06-30 30 ივნისს ქედის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა აიშე თებიძემ ქედის მუნიციპალიტეტის დოლოგნის ბაგა-ბაღში მუსიკის მასწავლებლი მაკა დევაძე ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა. თავად მაკა დევიძე თვლის, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. გათავისუფლებას წინ უძღვოდა 17 ივნისს დოლოგნის ბაგა-ბაღის 14 თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მაკა დევაძე არის კონფლიქტური, არაკომუნიკაბელური თანამშრომელი და მას ბაღის სხვა თანამშრომელებთან ნორმალური ურთიერთობა არ აქვს. მაკა დევაძემ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს განუცხადა რომ რეალურად, მისი გათავისუფლების ორი სხვა მიზეზი არსებობდა. კერძოდ, ბაგა-ბაღში ხდებოდა ბაშვებზე ძალადობა, რასაც ის აპროტესტებდა და იმუქრებოდა, რომ ფაქტებს გაასაჯაროებდა. ხოლო გათავისუფლების პოლიტიკური მიზეზი კი ის იყო, რომ მან მახუნცეთის თემის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარ დეპუტატს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში - რომან ბედინაძეს უარი უთხრა ემუშავა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ თვეების წინ იგი ამ პარტიის შტაბის კოორდინატორად მუშაობდა. ამასთანავე, მაკა დევაძე აღნიშნავს, რომ მისი დედა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია. როგორც გათავისუფლებული აცხადებს, იგი აპირებს მიმართოს სასამართლოს ბაგა- ბაღის თანამშრომელთა მოხსენებით ბარათში მოყვანილი ცილისმწამებლური ფაქტების გამო. მისივე თქმით, თოთხმეტივე თანამშრომელს მოხსენებით ბარათზე ხელი ზეწოლის შედეგად მოაწერინეს. საგულისხმოა, რომ მაკა დევაძისათვის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შტაბში თანამშრომლობის გაგრძელების შეთავაზებას ადასტურებს მახუნცეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში - რომან ბედინაძე. მაკა დევაძის მიერ დასახელებულ გათავისუფლების მიზეზებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან და ტყუილსა და ცილისწამებას უწოდებენ ქედის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების დირექტორი აიშე თებიძე და დოლოგნის ბაგა-ბაღის გამგე მაკა ბარამიძე. ორივე მათგანმა ბავშვების ცემის ფაქტსაც და მოხსენებით ბარათზე ზეწოლით ხელმოწერის ფაქტს „გაუგონარი ტყუილი“ უწოდეს. ბაგა-ბაღის გამგის, მაკა ბარამიძის თქმით, თანამშრომლებთან კონფლიქტი მაკა დევაძეს სამსახურში მოსვლის დღიდან ჰქონდა და 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მას სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო წერილობითი საყვედურიც გამოუცხადეს. ბაღების გაერთიანების დირექტორი, აიშე თებიძე აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მოგვარებაში თავადაც არაერთხელ იყო ჩართული, მაგრამ უშედეგოდ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე