სიძულვილის ენის გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიაში
2016-08-04 თელავში, ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის სააქტო დარბაზში, 4 აგვისტოს 12 სთ-ზე პოლიტიკური მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ ორგანიზებითა და დაფინანსებით, დაგეგმილი იყო თელავის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარება. დარბაზში იმყოფებოდა დაახლოებით 30-35 ადამიანი. ყრილობის გასაპროტესტებლად სამუსიკო სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის“ მიერ ორგანიზებულ კონტრ-აქციაზე შეკრებილი იყო ადგილობრივი მოსახლება. კონტრ-აქციას ორგანიზებას უწევდა გირჩის თელავის მაჟორიტარობის კანდიდატი ტორესა მოსი (ვახტანგ მოსიაშვილი). კონტრ-აქციის მიზანი იყო „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერებისათვის არ მიეცათ დამფუძნებელი ყრილობის ჩატარების საშუალება და პროტესტი გამოეხატათ მათი პრორუსული პოლიტიკის მიმართ. კონტრ-აქციას შეუერთდა სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოსთვის“ თელავის ორგანიზაციის ლიდერი თამარ ლამაზოშვილი თავის მომხრეებთან ერთად და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი თავის მომხრეებთან ერთად. ასევე „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის“ პოზიცია გაიზიარა თელავში მოქმედმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც. ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დარბაზში შესვლა ითხოვა მოქალაქე რომან ქევხიშვილმა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ იმ მომენტისთვის იქ იმყოფებოდა როგორც რიგითი მოქალაქე. ყრილობის ორგანიზატორებმა, კერძოდ კომუნისტური პარტიის თელავის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ფიფიამ, მას არ მისცა დარბაზში შესვლის ნება და ამის მიზეზად დაასახელა მაისური, რომელიც რომან ქევხიშვილს ეცვა. მაისურზე დატანილი იყო წითლად გადახაზული საბჭოთა სიმბოლიკა (ნამგალი და ურო) და წარწერა პუტინის მისამართით. ქევხიშვილი ამბობდა, რომ მას ქონდა კონსტიტუციური უფლება დასწრებოდა შეხვედრას და დაჟინებით მოითხოვდა შესვლას, რაზეც თემურ ფიფიამ მას ფიზიკური შეურაცხყოფით უპასუხა და სახეში ხელი გაარტყა. ამის შემდეგ დაიწყო შეხლა შემოხლა. ქევხიშვილმა ფიფიას მისამართით შეიგინა და მას კვერცხი ესროლა. გარეთ გამოსულმა ქევხიშვილმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და ოპერატიულად მოსულ ეკიპაჟს ფაქტზე რეაგირება სთხოვა. პოლიციამ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ დააკავა ფიფია და გადაიყვანა კახეთის რეგიონალურ სამმართველოში. თუმცა, ინციდენტი ამით არ ამოწურულა. პარალელურად მიმდინარეობდა სიტყვიერი დაპირისპირება „სოციალისტური საქართველოს ლიდერებს, კონტრ-აქციის მონაწილეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერების მხრიდან მრავალგზის იქნა გამოყენებული სიძულვილის ენა და უცენზურო მიმართვები, როგორც კონტრ-აქციის ორგანიზატორების ისე მონაწილეებისა და ჟურნალისტების მისამართით („ამერიკელო ღორებო, დოლარებად ნაყიდო ერო, უტვინო კაპიტალისტებო, ამერიკელების მონებო, ტვინნაღრძობო საზოგადოებავ და ა.შ.“). აღსანიშნავია, რომ კონტრ-აქციის არცერთი მონაწილის მხრიდან არ ჰქონია ადგილი საპასუხო უცენზურო მიმართვებს, ან სიძულვილის ენის გამოყენებას. საბოლოოდ, „სოციალისტური საქართველოს“ ყრილობა ჩაიშალა. მათ აიღეს გვირგვინი და თავის მომხრეებთან ერთად გაემართნენ ერეკლე მეორის ძეგლისაკენ. მსვლელობას სასტვენებითა და შეძახილებით „საქართველო“ გაჰყვნენ კონტრ-აქციის მონაწილენი. ერეკლეს ძეგლთან ხალხს სიტყვით მიმართა გრიშა ონიანმა და ვალერი კვარაცხელიამ და ეს მიმართვაც სასტვენების ფონზე და შეძახილების „წადით“ ფონზე მიმდინარეობდა. ამ დროს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩნდა საბჭოთა სამხედრო ფორმაში ჩაცმული 3 ყოფილი სამხედრო პირი. მათმა გამოჩენამ შეკრებილი მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. ისინი აპროტესტებდნენ გამოყენებულ საბჭოთა სიმბოლიკებს. საგულისხმოა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები სამხედრო პირებს მოუწოდებდნენ დაეტოვებინათ ტერიტორია, თუმცა სხვა ზომები მათ მიმართ არ გამოუყენებიათ. ყველა მხარემ დაახლოებით ნახევარ საათში ტერიტორია დატოვა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ თემურ ფიფიას მიმართ მოქალაქე რომან ქევხიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 6 აგვისტოს ჩატარდა სასამართლო სხდომა სადაც ფიფიას შეეფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით. სასამართლოს მორიგი სხდომა ჩანიშნულია 9 სექტემბერს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე