სააგიტაციო მასალების დაზიანება
2020-10-26 „სტრატეგია აღმაშენებელის” რეგიონული კოორდინატორის, ბადრი შელიას მიერ „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლისათვის მოწოდებული ინფორმაციით, მათ ოფისს ესროლეს ქვა და გიორგი ვაშაძის ბანერი დააზიანეს. 
მისივე თქმით, სისტემატიურად მიმდინარეობს აქტივისტების დაშინება სოციალური დახმარების მოხსნის მუქარით. მაგალითად, შუა ხორგის მერის წარმომადგენელი მალხაზ მაქაცარია მზევინარ კონჯარიას, რომელიც არის „სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი, სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრა, რადგან მის სახლში გიორგი ვაშაძე იყო მისული.
მზევინარ კონჯარიამ დამკვირვებელთან საუბრისას დაადასტურა ზემოაღნიშნული ინფორმაცია. ოჯახის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. მათი განმარტებით, გიორგი ვაშაძე გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს. ვიზიტის შემდეგ მაღაზიაში ყოფნისას, მერის წარმომადგენელმა უთხრა, რომ თუ ხმას მისცემდა გიორგი ვაშაძეს, მოეხსნებოდა სოციალური დახმარება.
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი ესაუბრა მერის წარმომადგენელსაც, რომელიც სამუშაო საათებში იმყოფებოდა „ქართული ოცნების" შტაბში, კოორდინატორებთან ერთად. მან კატეგორიულად უარყო მუქარის ფაქტი და თქვა რომ „ქალბატონები არიან არაადეკვატური" და თვითმმართველი ერთეული ოჯახს უწევს კანონით გათვალისწინებულ ყველა სახის დახმარებას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე