პორტალის შესახებ

არჩევნების პორტალის მიზანია საქართველოში მიმდინარე არჩევნების შესახებ დაინტერესებული მხარეებისათვის მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება; ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციის და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების აღრიცხვა და ინციდენტების რუკაზე მათი წარმოდგენა.

არჩევნების პორტალი მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ელექტრონულად განათავსონ ინფორმაცია სარჩევნო პერიოდის სავარაუდო დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ. მოქალაქეებს შეუძლიათ საარჩევნო დარღვევის დაფიქსირება პორტალზე ინციდენტის ფორმის შევსებით ან ცხელი ხაზის მეშვეობით.

არჩევნების პორტალის ადმინისტრირებას ახდენს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება."

არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნების პორტალი შეიქმნა 2012 წელს. წარმოადგენს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ერთობლივ ინიციატივას. 2013 წელს პორტალი ფინანსდებოდა საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ. პორტალის საწყისი მხარდაჭერა უზრუნველყო ფონდმა "ღია საზოგადოება საქართველომ" და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) "საქართველოში საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" პროგრამამ (G-PAC).

პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით "ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს”, USAID-ის მეშვეობით. არჩევნების პორტალის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) მიუკერძოებელი, არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1995 წელს. ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი სფერო არჩევნების მონიტორინგია. "სამართლიანი არჩევნები" მიზნად ისახავს არჩევნების გამჭვირვალობის, საარჩევნო პროცედურების ეფექტურად განხორციელების უზრუნვეყოფასა და არჩევნების შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებას.

"სამართლიანი არჩევნების" სტრატეგიის ძირითადი მიმართულებებია:
  • საარჩევნო პროცესების დემოკრატიულ სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობა;
  • სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და მათ მიმართ ნდობის გაზრდის ხელშეწყობა;
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
  • კანონმდებლობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და კანონის უზენაესობის დაცვა.
დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციას განხორციელებული აქვს მონიტორინგი საქართველოში გამართულ ყველა მნიშვნელოვან არჩევნებსა და რეფერენდუმებზე. "სამართლიან არჩევნებს" წარმატებულად აქვს განხორციელებული ხმების პარალელური დათვლა ბოლო 7 უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე საქართველოში 2003, 2004, 2006, 2008 წლებში. ასევე ხმების პარალელური დათვლა განხორციელდა 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ორგანიზაციის წევრები მონაწილეობდნენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში და განახორციელეს არჩევნების მონიტორინგი: უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყირგიზეთში, ალბანეთში, ყაზახეთსა და ნორვეგიაში.

"სამართლიანი არჩევნები" არის "არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელის" (ENEMO) წევრი და აღიარებს საერთაშორისო დეკლარაციას ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქცევის კოდექსის შესახებ.

არჩევნების დანიშვნის დღიდან, ორგანიზაცია აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღესა და არჩევნების დღის შემდგომ პროცესებს, შედეგად ორგანიზაცია საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას სრული საარჩევნო პროცესის ხარისხობრივ და რაოდენობრივ ასპექტებთან დაკავშირებით. ასევე ორგანიზაციას განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, რომელიც მიმართული იყო წინასაარჩევნო პერიოდში ფართო საინფორმაციო კამპანიის წარმოებისკენ.

სადამკვირვებლო მისიების განხორციელების პროცესში ორგანიზაციამ ტრენინგი ჩაუტარა სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობის 14 000-ზე მეტ მოხალისეს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს არჩევნების მონიტორინგში.

ორგანიზაციის სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად, გარდა არჩევნების მონიტორინგისა, "სამართლიან არჩევნებს" განხორციელებული აქვს სხვადასხვა სახის საქმიანობები, დემოკრატიული პროცესის განვითარებისათვის საქართველოში.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია "სამართლიანი არჩევნების: შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე: www.isfed.ge